Home   China News   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech
    Home > News
„სატარიფო ომი“ ქაოსს იწვევს – ღიაობა და თანამშრომლობა ისტორიული ტენდენციაა
2025-04-18 20:26

ბოლო დროს აშშ სხვადასხვა მიზეზით აწესებს ახალ ტარიფებს, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდ ქაოსსა და გაურკვევლობას იწვევს. რეალურად ეს არის უნილატერალიზმის, პროტექციონიზმისა და ეკონომიკური ზეწოლის კლასიკური მაგალითი, რაც სერიოზულად არღვევს სხვა ქვეყნების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და ზიანს აყენებს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემასა და მსოფლიო ეკონომიკას, განსაკუთრებით კი განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს.

ტრამპის ახალ სატარიფო პოლიტიკაზე ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი საუბრობს.

აშშ-ის მიერ „საპასუხო ტარიფების” დაწესება უსაფუძვლოა. აშშ დიდი ხნის განმავლობაში წარმოაჩენდა თავს როგორც “თავისუფალი ბაზრის” ლიდერს, თუმცა მისი ქმედებები ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ ეკონომიკურ კანონებსა და საბაზრო პრინციპებს. ისინი უგულებელყოფენ მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებებით მიღწეულ ინტერესთა ბალანსს და იმ ფაქტს, რომ აშშ მრავალი წლის განმავლობაში იღებდა უზარმაზარ სარგებელს საერთაშორისო ვაჭრობიდან. ცოტა ხნის წინ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „აშშ — ვაჭრობის დიდი გამარჯვებული“, რომელიც ააშკარავებს სიმართლეს, რომლის დამალვასაც აშშ ცდილობდა - აშშ არა მხოლოდ გლობალური სავაჭრო სისტემის უმთავრესი ბენეფიციარია, არამედ აბსოლუტური უპირატესობა აქვს მომსახურებით ვაჭრობის სფეროში. აშშ-ს ქმედებები ზრდის შიდა ინფლაციას, იწვევს ფინანსურ ბაზრებზე პანიკას და ზრდის ამერიკის ეკონომიკური რეცესიის რისკებს. ამერიკის მოქალაქეები პროტესტს გამოთქვამენ და შიშობენ, რომ აშშ-ს მთავრობის მიერ ტარიფების ბოროტად გამოყენება “გაანადგურებს ამერიკას”, რის გამოც იწყებენ პროდუქციის მომარაგებას. ახალი გაზრდილი ტარიფების ფონზე, აშშ-ში ყოველდღიური მოხმარების საქონელზე — საკვებზე, ტანსაცმელზე, ელექტრონიკასა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე, ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება და საბოლოოდ ტარიფების გადამხდელი სწორედ ამერიკელი მომხმარებელი იქნება.

აშშ საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებზე მაღლა აყენებს. ამერიკის „თანასწორი პირობებისა“ და „სამართლიანობის“ ნიღაბს ამოფარებული ტარიფები, სინამდვილეში ემსახურება “ამერიკა ნომერ პირველისა” და “ამერიკის განსაკუთრებულობის” იდეას. ისინი მიზნად ისახავენ არსებული საერთაშორისო ეკონომიკური და სავაჭრო წესრიგის დამხობას და მთელი მსოფლიოს ქვეყნების ლეგიტიმური ინტერესების მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე, აშშ-ს ჰეგემონიური ინტერესების დაკმაყოფილებას. აღნიშნული ტარიფები ხელოვნურად წყვეტენ უკვე ჩამოყალიბებულ გლობალურ მიწოდებისა და სამრეწველო ჯაჭვებს, არღვევენ ბაზარზე ორიენტირებული თავისუფალი ვაჭრობის წესებს და გლობალური რესურსების გადანაწილებას, აზიანებენ თანამშრომლობის საფუძველს, მნიშვნელოვნად აბრკოლებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას და გავლენას ახდენენ მსოფლიო ეკონომიკის ხანგრძლივ სტაბილურ განვითარებაზე.

ღიაობა და თანამშრომლობა არის ისტორიული ტენდენცია, ხოლო ორმხრივი სარგებელი და მოგება — ხალხის ნება. მსოფლიო ომებმა გლობალური ეკონომიკა ქაოსში ჩააგდო და თითქმის სახელმწიფოთაშორისი ვაჭრობის კოლაფსი გამოიწვია. ცივმა ომმა მსოფლიო ორ ბანაკად გაყო და საერთაშორისო თანამშრომლობა მრავალი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა. მსოფლიო არ უნდა დაუბრუნდეს ერთმანეთისთვის ჩაკეტილ და დაყოფილ მდგომარეობას.

საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებულ მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს. თუ მსოფლიო ბაზარი სატარიფო ბარიერებით განცალკევდა, “შუა დერეფანი” მნიშვნელობას დაკარგავს, შესაბამისად, საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, აუცილებელია წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის შენარჩუნება და ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციისა და გამარტივების ხელშეწყობა.

მუდმივი და სწრაფი საერთაშორისო ცვლილებების მიუხედავად, ჩინეთის ღია კარი კიდევ უფრო მეტად გაიხსნება. აშშ-ს სატარიფო ზეწოლაზე საპასუხოდ, ჩინეთმა მიიღო საჭირო ზომები არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების დასაცავად, არამედ მსოფლიო საზოგადოების საერთაშორისო სამართლიანობისა და საერთო ინტერესების დასაცავად. ჩინეთი ყოველთვის იყო ეკონომიკური გლობალიზაციის მტკიცე მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. როგორც მსოფლიოში მეორე უდიდესი ეკონომიკა და სამომხმარებლო ბაზარი, ჩინეთის წვლილი გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში წლებია აჭარბებს აშშ-ს წვლილს და მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს 30%-ით. ჩინეთის საბაზრო პოტენციალი მუდმივად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მსოფლიოს

ბოლო წლებში, ჩინეთმა არაერთხელ გაზარდა იმპორტი და შეამცირა ტარიფები იმპორტზე. 2023 წლის ივლისში, ჩინეთის საშუალო საბაჟო ტარიფი შემცირდა 7.3%-მდე. 2024 წელს კი ჩინეთმა გამოაცხადა, რომ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციის 100%-ზე განულდება გადასახადი, რომლებიც ყველაზე ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოთა კატეგორიაში შედიან და დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ ჩინეთთან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩინეთის მიზანმიმართულ ძალისხმევას გახსნილობისკენ და ხაზს უსვამს მის, როგორც დიდი პასუხისმგებელი სახელმწიფოს, როლს.

განვითარება ყველა ქვეყნის თანაბარი უფლებაა და მხოლოდ რამდენიმე მათგანის პრივილეგიას არ წარმოადგენს. საერთაშორისო საკითხები უნდა გადაწყდეს ერთობლივი მოლაპარაკებებით. სავაჭრო და სატარიფო ომები და პროტექციონიზმი გამარჯვებას არავის მოუტანს. ჩინეთი, საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, განაგრძობს ნამდვილ მულტილატერალიზმს, შეეწინააღმდეგება უნილატერალიზმისა და პროტექციონიზმის ყველანაირ ფორმას და ხელს შეუწყობს ჩინეთ-საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის საერთო განვითარებასა და კეთილდღეობას.



[Suggest to a Friend]
       [Print]