ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი დაესწრო ჩინეთ (კუანგტუნგი) - საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციას და სიტყვით გამოვიდა |
|
2025-06-09 23:03 |
9 ივნისს, ჩინეთის ელჩი საქართველოში, ბატონი ჭოუ ციენი ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის კუანგტუნგის პროვინციის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონ ლინ ქეცინგთან ერთად ესწრებოდა ჩინეთ (კუანგტუნგი) - საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციას. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს კუანგტუნგის კომიტეტი, ხოლო თანაორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს სარტყლისა და გზის სავაჭრო ოფისი. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის კუანგტუნგის პროვინციის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ლინ ქეცინგი, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს კუანგტუნგის კომიტეტის პირველი დონის ინსპექტორი, პაი მინგშაო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია. კონფერენციაზე ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს კუანგტუნგის კომიტეტმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, ორივე მხარის ბიზნეს წარმომადგენლებმა ასევე ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ინტერესთა გამოხატვის წერილს. ელჩი ჭოუ ციენის გამოსვლის სრული ტექსტი: ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის კუანგტუნგის პროვინციის კომიტეტის თავმჯდომარე, პატივცემულო ლინ ქეცინგ; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტო, პატივცემულო გიორგი პერტაია; პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით! მოხარული ვარ, რომ ვესწრები დღევანდელ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციას და პირადად ვარ იმის მომსწრე, როგორ ღრმავდება ჩინეთსა (კუანგტუნგის პროვინციას) და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა. ორივე ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობით, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მუდმივად ღრმავდება და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარების კარგ ტენდენციას ინარჩუნებს. ჩინეთი მრავალი წელია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ჩინეთის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ქართულმა პროდუქტებმა, როგორიცაა ღვინო, თაფლი და სანელებლები, უდიდესი ყურადღება მიიპყრო შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, აღნიშნული პროდუქცია ეტაპობრივად შედის ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე. ტურიზმიც ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ძლიერი მიმართულება გახდა. უვიზო რეჟიმმა და პირდაპირმა ავიარეისებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ჩინელი ტურისტების რიცხვი — გასულ წელს საქართველო 88000-მა ჩინელმა ტურისტმა მოინახულა. საქართველო, წელს მშრომელთა საერთაშორისო დღის არდადეგებზე, ჩინეთის მოქალაქეებისთვის ათი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილის სიაში შევიდა. გასული წლის სექტემბერში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთს ეწვია და ხელი მოაწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) განვითარების შესახებ“. მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს ეწვია დელეგაცია, რომელსაც ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილე და საერთაშორისო სავაჭრო მოლაპარაკებების წარმომადგენლის მოადგილე, ბატონი ლინგ ძი მეთაურობდა. იგი საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომას, რომლის ფარგლებშიც მხარეები შეთანხმდნენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების საკითხზე, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასა და საქართველოს „შუა დერეფნის“ სტრატეგიას შორის თავსებადობას. ჩინეთსა და საქართველოს მყარი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძველი აქვთ, რომელსაც ეკონომიკური ურთიერთკომპლემენტურობა ახასიათებს. 2025 წელს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ცენტრალური კომიტეტის მე-3 პლენარულ სხდომაზე წამოაყენეს ინიციატივა მაღალი დონის გახსნილობის, „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მაღალი დონის მშენებლობის, საგარეო ვაჭრობის სამეგობრო წრის გაფართოების და მაღალი სტანდარტების თავისუფალი სავაჭრო ზონების გლობალური ქსელის გაფართოების შესახებ. ჩინეთი, საკუთარი გახსნილობის ხელშეწყობით, საქართველოს და სხვა ქვეყნებს განვითარების შესაძლებლობებს უზიარებს. ჩინური კომპანიები საქართველოში ფართოდ არიან წარმოდგენილნი ინფრასტრუქტურაში, ლოგისტიკაში, წარმოებასა და მომსახურების სფეროში. მათ სრულად გამოიყენეს საკუთარი უპირატესობები და მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თანამედროვე რკინიგზის, E60 ჩქაროსნული მაგისტრალის, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალისა და სხვა სატრანსპორტო ქსელების მშენებლობაში. ჩინეთი საქართველოს მთავარი პარტნიორი გახდა ინფრასტრუქტურის სფეროში, ჩინური კომპანიები აადვილებენ ქართველი ხალხის გადაადგილებას და დადებითი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება ისეთ სფეროებშიც, როგორიცაა ინდუსტრიული პარკები, ფინანსები და განახლებადი ენერგია. კუანგტუნგი - ჩინეთის ყველაზე ძლიერი პროვინცია ეკონომიკურად, ასევე წარმოადგენს ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან წარმოებისა და მაღალტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს. კუანგტუნგის პროვინცია ძლიერია ინვესტიციებისა და ვაჭრობის, მოწინავე წარმოების, კომერციული კოსმონავტიკის, მწვანე ენერგიის, ციფრული ეკონომიკის, ფინანსური ინვესტიციების, საზღვარგარეთული საწყობების, სასაქონლო ლოგისტიკის, კულტურული ტურიზმისა და სხვა სფეროების მხრივ. კუანგტუნგი სავსეა პოტენციალითა და სურვილით, კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს ჩინეთ-საქართველოს ახალი ეპოქის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შენებაში. კუანგტუნგში თავმოყრილია უამრავი საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმა და ძლიერი ინფრასტრუქტურული ქსელი, იგი აგრძელებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენას „გლობალური ყიდვა-გაყიდვის“ კუთხით, რაც ხელს უწყობს ჩინეთისა და მსოფლიო ვაჭრობის განვითარებას. საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, რაც მისთვის დიდი გეოგრაფიული უპირატესობაა, იგი უძველეს აბრეშუმის გზაზე საკვანძო წერტილს წარმოადგენდა და ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც გამოეხმაურა პრეზიდენტ სი ძინფინგის "სარტყლისა და გზის" ინიციატივას. საქართველოში შესანიშნავი ბიზნესგარემოა, სხვადასხვა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა ქსელი 2.3 მილიარდ ადამიანს მოიცავს. მსოფლიო ბანკის საგადასახადო კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს, ბიზნესგარემოს ინდექსით მე-7 ადგილზეა, ხოლო ეკონომიკური მზაობით - მე-3 ადგილზე. სხვა საერთაშორისო რეიტინგებით საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილზეა ეკონომიკური გახსნილობით, 35-ე ადგილს იკავებს ეკონომიკური თავისუფლებით, უსაფრთხოების მხრივ მსოფლიოს ხუთეულშია, ხოლო კორუფციის დაბალი დონით მსოფლიოში 53-ე ადგილს იკავებს (აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერი). საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში სწრაფად იზრდება, 2022–2024 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.8% შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა 7.2%-ით გაიზრდება (6%-იანი წინა პროგნოზისგან განსხვავებით). საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის მიესალმება ჩინური კომპანიების ინვესტიციებს საქართველოში, მზადაა, ჩინურ კომპანიებს მიაწოდოს მკაფიო გზამკვლევი და შესთავაზოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გზა, რომელიც მოიცავს როგორც პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე ბაზრის ადაპტირებას. ჩინეთი და საქართველო მტკიცედ ინარჩუნებენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და გლობალური სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობას, ერთობლივად ეწინააღმდეგებიან სავაჭრო პროტექციონიზმსა და უნილატერალიზმს. მომავალში ორივე მხარე ერთობლივად შეუწყობს ხელს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებას, გააგრძელებს ორმხრივი ვაჭრობის მასშტაბის გაფართოებას, მუდმივად გააღრმავებს საინვესტიციო და საფინანსო თანამშრომლობას, უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი პროექტების შეუფერხებელ განხორციელებას, აქტიურად შეუწყობს ხელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობას და გააღრმავებს თანამშრომლობას კავშირის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროებში. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის კუანგტუნგის პროვინციასა და საქართველოს შორის პრაქტიკული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის საუკეთესო დროა. ჩინეთსა და საქართველოს შორის აბრეშუმის გზის საფუძველზე ჩამოყალიბებული მეგობრობა ახალ ისტორიულ ეტაპზე გადავიდა. მჯერა, რომ ეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენცია არა მხოლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთგაგებასა და მეგობრობას, არამედ ჩინეთსა (კუანგტუნგი) და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის, დაეხმარება ორივე ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, კეთილდღეობას მოუტანს ორივე ქვეყნის ხალხს, აბრეშუმის გზას კი ახალ სიცოცხლეს შთაბერავს! გისურვებთ დღევანდელი კონფერენციის წარმატებით ჩატარებას! გმადლობთ! |