Home   China News   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech
    Home > News
ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა იმედის ტელევიზიასთან
2026-06-29 14:06

26 ივნისს ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა ინტერვიუ ჩაწერა საქართველოში ყველაზე დიდი სატელევიზიო არხის "იმედის" ჟურნალისტ ნატა მახვილაძესთან პოლიტიკური თოქ-შოუსთვის "დღის ქრონიკა". ელჩთან ინტერვიუ ეთერში 27 ივნისს გავიდა, იხილეთ ჩანაწერი:

1. საქართველო და ჩინეთი უკვე გადავიდნენ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე. ხშირად ეს ტერმინი პოლიტიკურ დეკლარაციად აღიქმება. თქვენი შეფასებით, რა პრაქტიკული შინაარსი უნდა შეიძინოს ამ პარტნიორობამ უახლოეს 3-5 წელიწადში? რა ახალი მექანიზმები, ინვესტიციები თუ სექტორული პროექტები შეიძლება ვიხილოთ, რომლებიც ამ ურთიერთობას კონკრეტულ ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებად აქცევს?

9 ივნისს, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა და პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთმანეთს მიულოცეს ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი და ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობის მაღალ დონეს აჩვენებს და დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. იგი სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის და ახალ თავს წერს.

პირველ რიგში, ორი ქვეყანა გააძლიერებს მაღალი დონის ვიზიტებს, პოლიტიკურ გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას მმართველობის სფეროში და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისა და „შუა დერეფნის“ კონცეფციის თანხვედრას. საქართველო ევრაზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ჰაბია, ხოლო ჩინეთი მსოფლიო ლიდერია ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, როგორიცაა მაგისტრალები, რკინიგზა, პორტები და აეროპორტები. ამ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება უდავოდ დაეხმარება საქართველოს ინფრასტრუქტურის განახლებასა და კავშირის გაუმჯობესებაში.

მეორე, ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ახლახან განახლდა და ორმა მხარემ მრავალ ახალ კონსენსუსს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობისა და სურსათის იმპორტი, ინსპექტირება და კარანტინი. მომავალში, ჩინეთის ბაზარზე მოსალოდნელია მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტის შემოსვლა, როგორიცაა ღვინო, სანელებლები, თხილეული და მინერალური წყალი, ხოლო ჩინეთში დამზადებული ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები და ჭკვიანი სახლის ტექნიკა ქართველ ხალხს ახალ არჩევანს შესთავაზებს ცხოვრების გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ ახალ სფეროებში, როგორიცაა ფინანსები და ციფრული ეკონომიკა, ასევე ძალიან ფართოა. ბაზისბანკმა, რომელსაც ჩინური კაპიტალი აკონტროლებს, ახლახან შეიძინა ლიბერთი ბანკი, რითაც საქართველოს მესამე უდიდესი კომერციული ბანკი გახდა. ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმები თანდათან იწყებენ საკუთარი ბიზნესის დამკვიდრებას საქართველოში. ჩვენ ველით და გვჯერა, რომ ასეთი თანამშრომლობა კვლავაც მოიტანს ახალ შედეგებს.

მესამე, ჩინეთ-საქართველოს შორის ხალხთაშორისი მიმოცვლა კიდევ უფრო გაძლიერდება. ამჟამად ჩინეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები არსებობს. ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებით, ჩინეთ-საქართველოს ხალხებს შორის მიმოსვლა კიდევ უფრო ხშირი გახდება. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, რათა გავხსნათ მეტი პირდაპირი ფრენის მარშრუტი და წავახალისოთ ორივე ქვეყნის მაცხოვრებელი,  იმოგზაუროს, ისწავლოს და საქმიანი ურთიერთობა აწარმოოს მეორე ქვეყანაში. ჩინეთი საერთაშორისო სტუდენტებისთვის მსოფლიოში სიდიდით მესამე დანიშნულების ადგილი გახდა. გასულ წელს ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უმაღლესი განათლების ხარისხების ურთიერთაღიარების შესახებ, განათლების სფეროში თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ჩინური ენის სწავლების  დონის მუდმივად გაუმჯობესებაში, მხარი დავუჭიროთ მეტ ქართველ სტუდენტს ჩინეთში სწავლაში და ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაღრმავებას.

მისალოც წერილში პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ 34 წლის წინ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ჩინეთი და საქართველო ყოველთვის იცავდნენ ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს, ხელს უწყობდნენ ორმხრივი ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას და ნაყოფიერ შედეგებს აღწევდნენ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაში. მან გამოთქვა რწმენა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც ახალ საწყის წერტილზეა, აუცილებლად მიაღწევს უფრო მეტ განვითარებას, უფრო დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ერთობლივ პროგრესში მოდერნიზაციისკენ და კიდევ უფრო გააუმჯობესებს ორივე ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს.

2. ბოლო წლებში საქართველო–ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ქართული ექსპორტი ჩინურ ბაზარზე თითქმის სამჯერ გაიზარდა. თქვენი შეფასებით, რომელი კონკრეტული სექტორები გახდა ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი — ღვინო, სოფლის მეურნეობა, მინერალური რესურსები, ლოგისტიკა თუ სხვა მიმართულებები? და რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რათა ეს ზრდა მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელი არ იყოს და მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქციის ექსპორტშიც გადაიზარდოს?

ძვირფასი ლითონის მადნები საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის მნიშვნელოვან წილს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილი სატრანზიტო ვაჭრობაზე  მოდის. საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა სატრანზიტო  ვაჭრობას ძალიან პერსპექტიულს ხდის. თუ საქართველო ჩინეთში ექსპორტის მხრივ სავაჭრო ჰაბის როლს უკეთ შეითავსებს, მოსალოდნელია, რომ შესაბამის სფეროებში ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, როგორიცაა მინერალური წყალი და სანელებლები, შედარებით მცირე მასშტაბისაა, ბოლო წლებში ჩინეთში მათი ექსპორტი სწრაფად გაიზარდა. რეკომენდებულია, რომ საქართველომ აქტიურად განაგრძოს მონაწილეობა ჩინეთში გამართულ მსხვილ საერთაშორისო გამოფენებში, როგორიცაა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო და კუანგჭოუს გამოფენა-გაყიდვა, რათა ჩინელ მომხმარებლებში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესახებ ცნობიერება და აღიარება მუდმივად გაიზარდოს. გარდა ამისა, ჩინეთი და საქართველო განიხილავენ ელექტრონული კომერციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, რაც, მჯერა, ეფექტურად გააუმჯობესებს ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო ელექტრონულ კომერციას. მომავალში, ჩვენ ასევე ჩავატარებთ ელექტრონული კომერციის ბიზნეს გაცნობით ღონისძიებებს, რათა დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს ჩინელი მომხმარებლების საყვარელი ელექტრონული კომერციის პლატფორმების ეფექტურად გამოყენებაში და ჩინეთში ისეთი წამყვანი ქართული პროდუქტების, როგორიცაა ღვინო და მინერალური წყალი, გაყიდვების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.

ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს რბილი კლიმატი, ნაყოფიერი ნიადაგი და უხვი სასოფლო-სამეურნეო რესურსი, თუმცა მისი თვითკმარობის მაჩვენებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და საკვების მიმართ დაბალია, ხოლო მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტის მოცულობა დიდი არ არის. ჩინეთის დარგვისა და კულტივირების ტექნოლოგიები მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს, ორ მხარეს შეუძლია თანამშრომლობის განხილვა მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობისა და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის სფეროში. გარდა ამისა, საქართველოს აქვს ხილისა და თხილეულის მდიდარი ასორტიმენტი მნიშვნელოვანი მოსავლიანობით, შესაძლებელია გადამუშავების ტექნოლოგიების დონის გაუმჯობესება და საბოლოო პროდუქტის ხარისხისა და გარეგნული იერსახის გაუმჯობესებით ექსპორტირებული პროდუქციის დამატებითი ღირებულების გაზრდა. აღნიშნულ სფეროებში ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესანიშნავი შესაძლებლობები არსებობს.

3. გლობალური ლოგისტიკური რუკის ცვლილებების ფონზე, საქართველო სულ უფრო ხშირად მოიხსენიება როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლი. როგორ აფასებს ჩინეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პოტენციალს? კონკრეტულად, რა უპირატესობას ხედავთ საქართველოს გავლით მარშრუტში და რა ნაბიჯებია საჭირო იმისათვის, რომ ამ დერეფანმა კონკურენცია გაუწიოს სხვა რეგიონულ მიმართულებებს და უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში?

საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს. დღევანდელი რთული და არასტაბილური გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, „შუა დერეფნის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის პოლიტიკური სტაბილურობა და დადებითი დიპლომატიური ურთიერთობებია, რაც მას სანდოობას სძენს. განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობა სულ უფრო აშკარა ხდება. „შუა დერეფანს“ უნიკალური უპირატესობები აქვს და მისი პოზიცია გლობალურ მიწოდების ჯაჭვში ყოველდღიურად იზრდება. რა თქმა უნდა, ჩინეთ-ევროპის რკინიგზის ექსპრესის ჩრდილოეთ მარშრუტთან შედარებით, „შუა დერეფანი“ კვლავ ჩამორჩება ხარჯების, დროის, რკინიგზის, საავტომობილო გზების, პორტების, გადაზიდვების და განბაჟების გამარტივების კუთხით. თუმცა, ბოლო წლებში მარშრუტის გასწვრივ მდებარე ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს „შუა დერეფანს“, აქტიურად ავითარებენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, როგორიცაა საავტომობილო გზები, რკინიგზა, პორტები და აეროპორტები და ხელს უწყობენ „შუა დერეფნის“ კონცეფციის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასთან შესაბამისობაში მოყვანას. ვინაიდან საქართველო საკუთარ თავს ევრაზიის ლოგისტიკური ცენტრის როლში ხედავს, მისი რკინიგზის, საავტომობილო გზების და სხვა ინფრასტრუქტურის განახლება, ტრანსპორტირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ასევე „სარტყლისა და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებთან თანამშრომლობა ერთობლივი ინვესტიციების განსახორციელებლად, წესების უნიფიცირება და გაციფრულება, გრძელვადიან მიზნებად დარჩება.

4. „ერთი სარტყელი — ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში საქართველო და ჩინეთი სატრანსპორტო კავშირების გაღრმავებას აგრძელებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლის ივლისიდან იწყება შანხაი–თბილისის პირდაპირი ავიარეისები, რაც ორ ქვეყანას შორის პირველ პირდაპირ კავშირს შექმნის შანხაის მიმართულებით.  თქვენი მოლოდინით, რა კონკრეტული ეკონომიკური ეფექტი ექნება ამ რეისს ტურიზმის, ვაჭრობისა და ბიზნესკავშირების თვალსაზრისით? და რომელი ინფრასტრუქტურული პროექტებია, თქვენი აზრით, პრიორიტეტული საქართველოში, რათა ქვეყანამ სრულად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა?

პირდაპირი რეისები „საჰაერო ხიდების“ როლს ასრულებს, გეოგრაფიულ მანძილს დროის ეფექტურობად გარდაქმნის და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მალე შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისები განხორციელდება. ეს მარშრუტი არა მხოლოდ სამგზავრო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ აქტიურად განავითარებს სატვირთო მომსახურებასაც. შანხაი ჩინეთის მჭიდროდ დასახლებულ და ეკონომიკურად განვითარებულ აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობს, იგი მშპ-ს მიხედვით ჩინეთის ქალაქებს შორის მუდმივად პირველ ადგილზეა და საერთაშორისო ფინანსურ და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს. შანხაი ასევე ჩინეთის საგამოფენო დედაქალაქია, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მრავალ მაღალი დონის საერთაშორისო გამოფენას, რომლებიც ბევრ ძირითად სამრეწველო სფეროს მოიცავენ. ამ გამოფენებს შორისაა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოც (CIIE), რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს. შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გახსნით, საქართველოს სულ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ეწვევა, ხოლო ჩინეთის ყველაზე განვითარებული რეგიონებიდან, როგორიცაა იანძის დელტა და ჭუძიანგის დელტა, მეტი ბიზნესმენი ჩამოვა საქართველოში ბაზრის შესასწავლად და პოტენციური თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში ჩინელი მოგზაურების კომფორტის გასაუმჯობესებლად, რეკომენდებულია, რომ შესაბამისი ქართული უწყებები გაეცნონ სხვა ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას და გაზარდონ ჩინურენოვანი ნიშნები და ხმოვანი შეტყობინებები აეროპორტებში. გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ასევე ახალი დიდი საერთაშორისო აეროპორტის აშენებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს გეგმები მალე განხორციელდება, რაც უფრო მყარ საფუძველს ჩაუყრის საქართველოს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და რეგიონულ საავიაციო ცენტრად ჩამოყალიბებას. ჩინეთი მზადაა, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ინფრასტრუქტურის მშენებლობის მხრივ თანამშრომლობაში.

5. საქართველო 2026 წელს ITB China-ს ოფიციალური პარტნიორი/მასპინძელი ქვეყანა იყო. რამდენად შეუძლია ამ სტატუსს ჩინელი ტურისტების ნაკადის ზრდის ხელშეწყობა და იგეგმება თუ არა დამატებითი ერთობლივი კამპანიები, ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია ან რეგიონებს შორის პირდაპირი კავშირების განვითარება?

საქართველო მდიდარი ტურისტული რესურსებით გამოირჩევა, მათ შორის ბრწყინვალე ბუნების პეიზაჟებით, მდიდარი ისტორიითა და კულტურით და თბილი და მეგობრული ხალხით. ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლისა და პირდაპირი რეისების დადებითი შედეგები სულ უფრო თვალსაჩინოა. საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, გასულ წელს საქართველომ 128 000 ჩინელი ტურისტი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით მეტია. ამავდროულად, ჩინეთ-საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს, ზოგიერთ პოპულარულ ევროპულ ტურისტულ მიმართულებასთან შედარებით, ჩინელ ტურისტებს შორის საქართველოს პოპულარობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ისეთ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა კი, როგორიცაა ITB, ამისთვის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. გამოფენის დროს, ჩინურ სოციალურ მედია პლატფორმებზე, როგორიცაა „რედ ნოუთი“ (RedNote) და „ვეიპო“ (Weibo), ვნახე ძალიან ბევრი ჩინელი ინტერნეტმომხმარებლის ფოტო, სადაც ისინი ქართული სამზარეულოთი და ღვინით ტკბებოდნენ და ტრადიციულ ქართულ ცეკვებს უყურებდნენ, შედეგად კიდევ უფრო ბევრმა ინტერნეტმომხმარებელმა გამოთქვა სურვილი, რაც შეიძლება მალე გაეცნონ ამ ულამაზეს ქვეყანას.

ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გამოფენებზე მოწვევის გარდა, ჩინეთი ასევე იწვევს ქართველ პერსონალს ტურიზმის პოპულარიზაციასა და სხვა შესაბამის სფეროებთან დაკავშირებულ ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად. გასულ წელს ჩინეთის მოქალაქეებმა 130 მილიონზე მეტი ქვეყნის გარეთ მოგზაურობა განახორციელეს. ჩინეთის მე-15 ხუთწლიანი გეგმის სრული ამოქმედებით, ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან გამავალ ტურიზმზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ მზად ვართ, წავახალისოთ ორივე ქვეყნის ტურისტული სააგენტოები და ტურიზმის სპეციალისტები, გააძლიერონ გაცვლები და თანამშრომლობა, გამოუშვან მეტი მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტი და კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადონ საქართველოს, როგორც „ღმერთის უკანა ბაღის“, რეპუტაცია ჩინეთში.

6. დღეს მსოფლიოში კონკურენცია სულ უფრო მეტად ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიმდინარეობს. რა პრიორიტეტებს ანიჭებს ჩინეთი საქართველოსთან თანამშრომლობას AI-ის, ციფრული ტექნოლოგიების, IT ინჟინერიისა და ინოვაციების მიმართულებით? არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმები ერთობლივი კვლევითი ცენტრების, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ან ტექნოლოგიური ინკუბატორების შექმნის შესახებ?

ბოლო წლებში, ჩინეთმა ეპოქალურ წარმატებებს მიაღწია მაღალტექნოლოგიურ სფეროებში, მისი ყოვლისმომცველი ინოვაციური შესაძლებლობები კი მსოფლიოში წამყვან პოზიციებს იკავებს. რამდენიმე სტრატეგიულად განვითარებად ინდუსტრიაში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა, ავიაცია და მასშტაბური სამეცნიერო ობიექტები, მოწინავე წარმოება და მაღალი დონის აღჭურვილობა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კვანტური ტექნოლოგიები, ბიომედიცინა და სამედიცინო მოწყობილობები, ჩინეთი „მიმდევრიდან“ „გვერდით მორბენლად“, შემდეგ კი „ლიდერადაც“ კი იქცა. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობამ ცალსახად განაცხადა საკუთარი განზრახვა, საქართველო რეგიონულ ციფრულ ჰაბად და მონაცემთა ცენტრად აქციოს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინტექი, საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურება, აუთსორსინგი და ელექტრონული მმართველობა.

ჩინეთსა და საქართველოს აქვთ კარგი პოლიტიკური საფუძველი და ხელსაყრელი პირობები მაღალტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის. ორი ქვეყნის შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს ციფრული ეკონომიკის ინვესტიციების და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. გარდა ამისა, ჩინური მაღალტექნოლოგიური კომპანიები განიხილავენ საქართველოს უნივერსიტეტებთან ხელოვნური ინტელექტის სფეროში სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებს. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ზოგიერთი ქვეყნის ტექნოლოგიური ბლოკადის პოზიციისგან განსხვავებით, ჩინეთი ირჩევს ღია დამოკიდებულებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ხელს უწყობს ღია წყაროს ხელოვნური ინტელექტის მოდელების განვითარებას დახურული წყაროს მოდელების ნაცვლად და მზადაა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს და სხვა ქვეყნებს. ორი ქვეყნის საწარმოებს შეუძლიათ, საქართველოს ინდუსტრიულ საფუძველზე დაყრდნობით, შეისწავლონ თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ციფრული ეკონომიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურება, ხელოვნური ინტელექტი და ჭკვიანი ქალაქები, დიდი მონაცემების დამუშავების ცენტრები, ფინტექი, სოფლის მეურნეობის გაციფრულება და სხვა, რითაც მუდმივად გაიზრდება ჩინეთ-საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის დონე.

7. ჩინეთი არაერთხელ გამოხატავდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. როგორ ხედავთ საქართველო–ჩინეთის ურთიერთობების განვითარებას იმ პირობებში, როდესაც საქართველო პარალელურად ინარჩუნებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირსა და დასავლელ პარტნიორებთან? შესაძლებელია თუ არა, რომ ჩინეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა იქცეს ხიდად და არა არჩევანის გაკეთების აუცილებლობად სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის?

ჩინეთ-საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპებია ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა. ურთიერთპატივისცემა და ურთიერთნდობა გულისხმობს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ერთმანეთის სოციალური სისტემების, განვითარების მოდელების და სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების პატივისცემას. ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ჩინეთი და საქართველო პრაქტიკულ შედეგებზე არიან ორიენტირებულნი და მათ შორის თანამშრომლობის მიზნად ერთმანეთის განვითარებას, აღორძინებას  და ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობის გაუმჯობესებას მიიჩნევენ.

ჩინეთიც და საქართველოც უძველესი ცივილიზაციებია ხანგრძლივი ისტორიით. ზოგიერთ დასავლურ ქვეყანასთან შედარებით, ორივე ერს უკეთ ესმის  ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობა. როგორც შოთა რუსთაველმა თქვა, „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. ამჟამად, საქართველო ცდილობს გახდეს ევრაზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ჰაბი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება აუცილებელია მისი მომავალი განვითარებისთვის, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება სრულად შეესაბამება საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს. მაგალითად, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან. ამ უპირატესობის სრულად გამოსაყენებლად და ევრაზიის სავაჭრო გზაზე ჰაბის როლის შესასრულებლად, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს აქტიური მიმოცვლა როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან.

ჩინეთის მიერ ურთიერთობების განვითარება საქართველოსთან არასდროს ყოფილა საგამონაკლისო. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 წლის განმავლობაში, ჩინეთი არასდროს ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში, არასდროს უცდია საქართველოსთვის ლექციების წაკითხვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები და არასდროს მოუთხოვია საქართველოსგან არჩევანის გაკეთება ჩინეთსა და ევროპას ან ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ყველა მსოფლიო ზესახელმწიფოს შორის, ჩინეთი ყოველთვის საუკეთესო იყო სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობის საკითხში. ამის ფუნდამენტური მიზეზი ისაა, რომ ჩინეთის მიზანი არასდროს ყოფილა, გამხდარიყო მსოფლიო ჰეგემონიური ძალა, ეს განპირობებულია ჩინური ცივილიზაციის ფუნდამენტური ბუნებით. ჩვენ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ყოველთვის ჩვენი საგარეო ურთიერთობების განვითარების საფუძვლად მივიჩნევდით. ჩინეთს მსოფლიოსთვის შესაძლებლობები მოაქვს და არა გამოწვევები, დარწმუნებულობა და არა არაპროგნოზირებადობა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს, აქტიურად განავითაროს ურთიერთობები ჩინეთთან და მიაღწიოს საკუთარ სტრატეგიულ მიზნებს - მშვიდობის შენარჩუნებასა და განვითარებას.

8. საქართველოში და დასავლურ წრეებში პერიოდულად ისმის მოსაზრება, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებამ შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკური ან სტრატეგიული დამოკიდებულების რისკები შექმნას.

რას უპასუხებდით ამ კრიტიკას? რა მექანიზმები არსებობს იმისათვის, რომ საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობა დარჩეს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ პარტნიორობად და არ წარმოშვას დისბალანსი საქართველოს სხვა საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებთან მიმართებით?

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების შემდეგ, ნამდვილად შევნიშნე, რომ ზოგიერთმა პირმა გამოთქვა თქვენ მიერ ნახსენები შეხედულებები. თუმცა, მე მჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ობიექტურად უყურებს ჩინეთსა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ასეთ დასკვნამდე არ მივიდოდა.

ჩინეთი და საქართველო გეოგრაფიულად დაშორებულები არიან და მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მოსახლეობის რაოდენობით, პოლიტიკური სისტემით, ეკონომიკური მოდელითა და მრავალი სხვა ასპექტით, თუმცა, პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისას, არის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისა და მათი ხალხების კეთილდღეობა და არა იდეოლოგია ან რომელიმე მხარის არჩევა. ჩინეთი არ აკავშირებს საგარეო ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას და საგარეო დახმარებას პოლიტიკურ პირობებთან და არასდროს მოითხოვს, რომ საქართველომ უარი თქვას საკუთარ მიზნებსა და დამოუკიდებელ პოლიტიკაზე ჩინეთთან ურთიერთობების განვითარებისას.

ჩინეთი ყოველთვის ემხრობოდა იმ აზრს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა მისდიოს განვითარების ისეთ გზას, რომელიც შეესაბამება მის ეროვნულ პირობებსა და ხალხის საჭიროებებს და ხელს უწყობდა ერებს შორის ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთისგან სწავლას. ბოლო წლებში ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებმა შეინარჩუნეს მჭიდრო კომუნიკაცია ყველა დონეზე. ორივე მხარემ გაცვალა გამოცდილება მმართველობის სფეროში ისეთ თემებზე, როგორიცაა ფინანსური ინოვაციები, ინტერნეტის რეგულირება, არასრულწლოვანთა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, რაც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის განვითარების ახალი სირთულეებისა და გამოწვევების გადაჭრაში. რაიმე საკითხის შესახებ შეხედულება  სარკესავითაა, რომელიც თვითონ ადამიანის აზროვნებას აირეკლავს. ამიტომ, მტკიცება, რომ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება გამოიწვევს საქართველოს დამოკიდებულებას ჩინეთზე და გავლენას მოახდენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიზნებზე, არა მხოლოდ დაუსაბუთებელია, არამედ ზუსტად ასახავს გარკვეული პირების ბნელ აზროვნებას და ბოროტ განზრახვებს.

9. მსოფლიოში ამჟამად არეულობაა, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში გაჭიანურებული კონფლიქტები საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოადგენს. გასულ კვირას ჩინეთის მთავრობამ გამოაქვეყნა გლობალური მმართველობის შესახებ თეთრი წიგნი. რა გზავნილის გადაცემას იმედოვნებს ჩინეთი მსოფლიოსთვის ამ დოკუმენტით და რა გადაწყვეტილებების შეთავაზება სურს გლობალური მმართველობისთვის?

17 ივნისს ჩინეთმა გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელწოდებით „უფრო სამართლიანი და გონივრული გლობალური მმართველობის სისტემის შექმნა: ჩინეთის იდეები, ინიციატივები და ქმედებები“, რომელშიც განმარტებულია ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის მიერ შემოთავაზებული გლობალური მმართველობის ინიციატივები და ჩინეთის ქმედებები და პრაქტიკა გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმასა და მშენებლობაში მონაწილეობის კუთხით.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, მსოფლიო არეულობისა და ცვლილებების ახალ პერიოდში შევიდა. გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმირება, გაუმჯობესება და მისი ეფექტურობის გაზრდა მსოფლიოს ქვეყნების საერთო მისწრაფებაა. გლობალური მმართველობის ინიციატივა, რომელიც ხუთ ძირითად პრინციპს მოიცავს, ესენია სუვერენული თანასწორობის დაცვა, საერთაშორისო სამართლის უზენაესობის დაცვა, მულტილატერალიზმის განხორციელება, ადამიანზე ორიენტირება და მოქმედებაზე აქცენტირება, ძალიან მოიწონა საერთაშორისო საზოგადოებამ და მხარი დაუჭირა თითქმის 160-მა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის საქართველომ. ჩინეთი აქტიურად მიყვება ჭეშმარიტ მულტილატერალიზმს და იცავს შიდა საქმეებში ჩაურევლობის, პოლიტიკური გზით მოგვარების, ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპებს ცხელი საკითხების გადაჭრის დროს; მხარს უჭერს ღიაობას, თანამშრომლობას და საერთო განვითარებას, ხელს უწყობს გლობალური სამხრეთის ერთობლივ გაძლიერებას და გლობალური მმართველობისთვის ახალ პლატფორმას ქმნის.

მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის და უკრაინაში, ღაზასა და ირანში მომხდარი ტრაგედიების განმეორების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ პირველ რიგში, მტკიცედ უნდა დავიცვათ გაეროს ძირითადი პოზიცია, პატივი ვცეთ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წინ აღვუდგეთ უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით განხორციელებულ ცალმხრივ ქმედებებს; მეორე, აქტიურად უნდა შევუწყოთ ხელი რეგიონული ცხელი წერტილების დეესკალაციას და დიალოგისა და კონსულტაციების გზით მივაღწიოთ პრობლემების პოლიტიკური გზით მოგვარებას; მესამე, უნდა დავიცვათ ღიაობისა და განვითარების სწორი მიმართულება და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა, რომლის ბირთვიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაა; მეოთხე, სრულად უნდა გამოვიყენოთ გლობალური სამხრეთის საკვანძო როლი და გავაძლიეროთ განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ხმა საერთაშორისო ურთიერთობებში; და მეხუთე, უნდა აღმოვფხვრათ გლობალური მმართველობის ნაკლოვანებები და დეფიციტი და გამოვასწოროთ მმართველობის მექანიზმებსა და წესებში არსებული ხარვეზები ისეთ ახალ სფეროებში, როგორიცაა კოსმოსი და ხელოვნური ინტელექტი. ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს ყველა მხარესთან უფრო სამართლიანი და გონივრული გლობალური მმართველობის სისტემის მშენებლობის ხელშესაწყობად. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გლობალური მმართველობის სფეროში კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო დიდ შედეგებს გამოიღებს.



[Suggest to a Friend]
       [Print]