Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
ჩინეთის ელჩის მიმართვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების68-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე
2017-10-01 21:02

პატივცემულო პრემიერ-მინისტრო,

პატივცემულო ელჩებო,

ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო, თანამემამულენო:

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 68-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე.

68 წლის განმავლობაში, ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელობით, ჩინელმა ხალხმა გადალახა უამრავი წინააღმდეგობა და შეუპოვარი წინსვლის წყალობით შეძლო ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყანა ექცია ძლიერ და გავლენიან ამომავალ სახელმწიფოდ. ჩვენ წარმატებით მივსდევთ ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალიზმის გზას. რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის 39 წლის მანძილზე, ჩინეთი მუდმივად ინარჩუნებს მინიმუმ 7%-იან ეკონომიკური ზრდის ტემპს. შარშან მშპ-ს მაჩვენებელმა 11 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მსოფლიო მშპ-ს 14.84%-ია, ქვეყნის სავალუტო რეზერვმა 3 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მსოფლიო სავალუტო რეზერვის 30%-ია, სავაჭრო ბრუნვა კი - 3.7 ტრილიონი აშშ დოლარი იყო.

წელს ჩინეთის მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს „ოთხი ყოვლისმომცველი ასპექტის“ სტრატეგიულ გეგმას, ქვეყნის მმართველობის სიტემის მოდერნიზებას, ეკონომიკაში „წინადადების ასპექტის რეფორმის“ დაჩქარებას, „ფართო სამეწარმეო საქმიანობასა და მასობრივ ინოვაციურ ინიციატივებს“, გახსნილობის პოლიტიკის ახალ დონეზე გადასვლას, ქვეყნის შიგნით მშვიდობასა და კეთილდღეობას, ეკონომიკურ სტაბილურობასა და წინსვლას. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ქვეყნის მშპ-ს ზრდამ 6.9% შეადგინა, საგარეო ვაჭრობა 19.6%-ით გაიზარდა, მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში ჩინეთის კონტრიბუციამ 30%-ს გადააჭარბა. ჩინეთმა პირველი კვანტური საკომუნიკაციო სატელიტი გაუშვა, ააშენა მსოფლიოში ყველაზე დიდი დიამეტრის მქონე და ყველაზე ზუსტი რადიოტელესკოპი, პირველად წარმატებით მოიპოვა მეთანის ჰიდრატი. გარდა ამისა, ჩინეთის მიერ აწყობილი რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავის სატესტო გაფრენა წარმატებით განხორციელდა, პირველი ავიამზიდიც წარმატებით ჩაეშვა წყალში, კოსმოსურმა სატვირთო ხომალდმა „თიენჭოუ 1“ წარმატებით განახორციელა კოსმოსურ ლაბორატორია „თიენკუნგ 2“-თან დაკავშირება. წლის ბოლომდე ჩინეთი მთვარეზე კოსმოსური ზონდის „ჩანგ ე 5“-ის გაშვებას აპირებს, რომელიც ამ საუკუნეში მთვარის მიწის პირველ ნიმუშს ჩამოუტანს კაცობრიობას.

ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო:

საერთაშორისო თანამეგობრობას თავის წვლილი შეაქვს ჩინეთის განვითარებაში. ჩინეთიც თავის მხრივ მზადაა უფრო მეტი საერთაშორისო პასუხისმგებლობა და ვალდებულება იტვირთოს, რათა გაუმჯობესდეს გლობალური მმართველობა. ჩინეთი გამოდის თანამშრომლობასა და სარგებელზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების ახალი მოდელის ინიციატივით, მხარს უჭერს მსოფლიოში გახსნილი ეკონომიკის განვითარებას, სხვადასხვა სფეროში პრაგმატულ თანამშრომლობასა და საერთო ინტერესების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას. წელს ჩინეთმა წარმატებით ჩაატარა საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ და „ბრიქსის“ ქვეყნების ლიდერების სამიტი სიამენში. ფორუმმა მთელი მსოფლიოსათვის გააჟღერა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“-სთან დაკავშირებული „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშენებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ პოზიტიური მესიჯი, ხოლო სამიტმა დასაბამი დაუდო „ბრიქსის“ თანამშრომლობის მეორე „ოქროს ათწლეულს“. ჩინეთის სახელმძღვანელო პრინციპები და განსაკუთრებით კი, კონცეფცია, სახელწოდებით „საერთო მომავლის მქონე საზოგადოება კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის“, უფრო და უფრო მეტი ქვეყნის ყურადღების ცენტრში ექცევა.

18 ოქტომბერს პეკინში ჩინეთის კომპარტიის მე-19 ყრილობა ჩატარდება. ეს ყრილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა ზომიერი შეძლების მქონე საზოგადოების ფორმირების დასკვნით ეტაპზე და ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალიზმის განვითარების საკვანძო მომენტშია. ყრილობა შეაჯამებს ჩინური მახასიათებლების მქონე სოციალიზმის განვითარების ისტორიულ პროცესსა და ჩინეთის კომპარტიის გამოცდილებას, რომელიც სი ძინფინგის ხელმძღვანელობის ქვეშ აერთიანებს და უძღვება ჩინელ ხალხს. ყრილობა განიხილავს ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებს და სრულ მხედველობაში მიიღებს პარტიისა და ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ახალ მოთხოვნილებებსა და ხალხის ახალ მოლოდინებს, განსაზღვრავს დროებისთვის შესაბამის სამოქმედო დირექტივებსა და ძირითად პოლიტიკურ კურსს, რათა კიდევ უფრო ნათელი მომავალი ჰქონდეს ჩინეთს.

ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო:

წელს აღვნიშნავთ ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. ორივე მხარემ გრანდიოზული ღონისძიებებით აღნიშნა ეს საიუბილეო თარიღი. თვალი გადავავლოთ ჩვენს მიღწევებს, შევაჯამოთ ჩვენი გამოცდილება და დავგეგმოთ მომავალი. ბოლო წლებში, ჩვენი ქვეყნები ინარჩუნებენ მაღალი დონის პოლიტიკურ კავშირებს. თანამშრომლობა ორი ქვეყნის პარლამენტებს, მთავრობებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მუდამ ვითარდება, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს ვაყალიბებთ სხვადასხვა სფეროში. თანამშრომლობა ეკონომიკისა და ტექნიკის მიმართულებითაც სწრაფად ვითარდება. ჩინეთი არის უმსხვილესი ინვესტორი, მესამე სავაჭრო პარტნიორი და ქართული ღვინის რიგით მეორე საექსპორტო ბაზარი. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება უკვე ოფიციალურად გაფორმდა და ძალიან მალე ძალაში შევა. კულტურული კავშირებიც დღითიდღე უფრო აქტიური ხდება. თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სოციალური მეცნიერებების, ჯანდაცვის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის სფეროებში სწრაფად ფართოვდება. თანამშრომლობა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში მუდმივად ღრმავდება. საქართველოს პირველი ვიცე პრემიერ-მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკის მინისტრი - გიორგი გახარია ჩინეთში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრებს დაესწრნენ. ნოემბრის ბოლოს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ტარდება თბილისის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საერთაშორისო ფორუმი, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს და მაღალი დონის დელეგაციას გზავნის მონაწილეობის მისაღებად. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა და მასში ქვეყნების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩინეთის, საქართველოს და მთელი რეგიონის კეთილდღეობისთვის.

მინდა შევსვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 68-ე წლისთავის, ჩინეთისა და საქართველოს კეთილდღეობის, ჩვენი ურთიერთობების განვითარებისა და თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობის სადღეგრძელო.

გაუმარჯოს!



[Suggest to a Friend]
       [Print]