Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 68-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოსათქმელი სადღეგრძელო
2017-10-01 21:09

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო (Ji Yanchi ჯი იანჩი),

ქალბატონებო და ბატონებო,

ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, თქვენთან ერთად აღვნიშნო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 68-ე წლისთავი.

ეს წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25-ე წლისთავიც აღინიშნება. საქართველო დიდად აფასებს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და 1992 წელს, თბილისში საელჩოც გახსნა, რითიც ჩვენს შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირებს ახალი სიცოცხლე შესძინა. საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ჩინეთი მის მეგობრებსა და პარტნიორებს შორისაა. ძალიან ვაფასებთ და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს სხვადასხვა სფეროში.

სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ამ წლების მანძილზე ჩვენი პარტნიორობა ყველა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში,

მრავალი მიმართულებით ჩვენ უკვე მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ; თუმცა, წინ კიდევ უამრავი შესაძლებლობა გველის, რაც, დიდწილად, “სარტყლისა და გზის” (“Belt and Road“) შესანიშნავ ინიციატივას უკავშირდება. გარდა ამისა, ხაზი უნდა გაესვას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც სულ ახლახან მოეწერა ხელი. ეს დოკუმენტი ისტორიული მნიშვნელობისაა და ჩვენს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ სხვა სფეროებშიც. აღსანიშნავია, რომ საქართველო დამფუძნებელი წევრის სახით შეუერთდა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციის ბანკს, რომელიც ჩინეთის ინიციატივით შეიქმნა. ამ ორანიზაციის პირველი პრეზიდენტის არჩევნებიც სწორედ საქართველოს დედაქალაქში - თბილისში ჩატარდა.

დიდი სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ჩინეთი საქართველოს სამ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმსხვილესი ინვესტორია.

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები და გაიზარდა ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების რაოდენობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ურთიერთობას განვითარების ახალ ბიძგს მისცემს. ჩვენ მზად ვართ, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოსა და მოწინავე ეკონომიკის ქვეყანასთან - ჩინეთთან ურთიერთობების სრული პოტენციალი ავითვისოთ.

ჩინეთი ჩვენი რეგიონის მრავალი ქვეყნის განვითარებაში იღებს მონაწილეობას. ჩემი აზრით, ეს საქმიანობა უნდა შეფასდეს ჩინეთის იმ მიზნების ჭრილში, რომლებიც მსოფლიოში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევას ემსახურება და საყოველთაო მხარდაჭერით სარგებლობს. ჩინეთთან თანამშრომლობაზე საუბრისას, უნდა ითქვას, რომ არ არსებობს სახელმწიფო რეგიონში, რომელიც ჩინეთის ბიზნესისა და ინვესტიციებისადმი, ჩინელი ხალხისადმი, ჩინური ინოვაციებისა და იდეებისადმი იმაზე უფრო ღიაა, ვიდრე - საქართველო.

საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება და ახალ “აბრეშუმის გზასთან” დაკავშირებით ჩვენი ერთიანი ხედვის ხორცშესხმა. 2015 წელს, ჩვენმა მთავრობამ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს” წარმატებით გაუწია ორგანიზება. დიდი სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ წელს, 28-29 ნოემბერს, თბილისის “სარტყლისა და გზის” (Belt and Road Forum) მეორე ფორუმი გაიმართება.

ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო,

დასასრულს, ნება მომეცით, აღვნიშნო: ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემთხვევაში, ორივე სახელმწიფო უდიდეს წარმატებას მიაღწევს.

ახლა კი მინდა თქვენთან ერთად შევსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრობის სადღეგრძელო.

Ganbei (გაუმარჯოს)!



[Suggest to a Friend]
       [Print]