Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
ჩინეთის ელჩის - ძი იენჩის სტატია 2018 წელს ჩინეთის ეკონომიკური განვითარების შესახებ
2019-02-15 13:46

      2019 წლის 2 და 5 თებერვალს "ჯორჯიან თაიმსის" ვებ-გვერდსა და გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის - ძი იენჩის სტატია სახელწოდებით "ხარისხიანი ზრდა და უზრუნველყოფილი ცხოვრება - ჩინეთის ეკონომიკური განვითარება 2018 წელს". იხილეთ სტატიის სრული ვერსია:

      ბოლო წლებში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საერთაშორისო პროექტის განვითარებასთან ერთად, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობამ თვალსაჩინო შედეგები გამოიღო. ქართული საზოგადოება უფრო აქტიურად ერთვება ორმხრივი თანამშრომლობის პროცესში და შედეგად, უფრო მეტად ინტერესდება ჩინეთის წინსვლითა და აღმშენებლობით. ბოლო პერიოდში, არა ერთმა ქართულმა მედია საშუალებამ გამოაქვეყნა ამ თემაზე სტატიები. გარდა ამისა, ამა წლის 22 იანვარს, მედია ჰოლდინგ „ჯორჯია თაიმსის“ ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია - „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“. იმისათვის, რომ უფრო ფართო და ზუსტი წარმოდგენა შეექმნას ქართულ საზოგადოებას ჩინეთის განვითარების შესახებ, მე, როგორც ჩინეთის ელჩი საქართველოში, მზად ვარ მკითხველის ფართო წრეს გავუზიარო ჩინეთის ეკონომიკური მიღწევები 2018 წელს და სამომავლო პერსპექტივები.

      რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის მთავრობამ გამოაქვეყნა 2018 წლის ეკონომიკური განვითარების მონაცემები, რაც ასე გამოიყურება:

      პირველ რიგში, ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და სტრუქტურული ოპტიმიზაციის ტენდენციები აშკარაა. მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ს მოცულობამ 90.03 ტრილიონი იუანი შეადგინა და 2017 წელთან შედარებით თითქმის 8 ტრილიონით, ანუ 6.6%-ით გაიზარდა. ამგვარად, 6.5%-იანი ზრდის პროგნოზი შესრულდა. აღსანიშნავია, რომ რეფორმებისა და გახსნილობის 40 წლიან პერიოდში, ჩინეთის მშპ-ს მოცულობა, რომელიც 1978 წელს 367.9 მილიარდ იუანი იყო, 2018 წლისთვის უკვე 90.03 ტრილიონზე ავიდა, ანუ წლიური საშუალო ზრდა 9.4%-ს შეადგენდა და ყოველ 8 წელიწადში ერთხელ ორმაგდებოდა. რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს, 1978 წლის 385 იუანიდან, 2018 წლისთვის 64644 იუანამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი, მომსახურების სფეროში გამომუშავებული დამატებითი ღირებულება ქვეყნის მშპ-ს საერთო მოცულობის 52.2%, ხოლო მშპ-ს ზრდაში სამომხმარებლო ხარჯების წვლილი კი 76.2% იყო, რაც 2017 წელს მხოლოდ 57,6% იყო. ამგვარად, ეკონომიკურ ზრდაში მოხმარების წამყვანი როლი კიდევ უფრო გამყარდა. მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის, ინოვაციური ნაწარმისა და მანქანა-დანადგარების წარმოების სფეროებში გამომუშავებული დამატებითი ღირებულება შესაბამისად 11.7%, 8.9% და 8.1% გაიზარდა.

      მეორე, ექსპორტ-იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა. მთელი წლის განმავლობაში ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ 30.5 ტრილიონი იუანი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 9.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ პირველად გადააჭარბა 30 ტრილიონს. მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ექსპორტ-იმპორტი გაიზარდა, კერძოდ, ევროკავშირთან, აშშ-სა და ასეანის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა შესაბამისად 7.9%, 5.7% და 11.2% გაიზარდა. ამასთანავე, ინვესტიციები წარმოებაში და კერძო ინვესტიციებიც გაიზარდა. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მასშტაბები სულ უფრო ფართოვდება. ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.

      მესამე, დასაქმება და ხალხის ცხოვრების დონე მუდმივად უმჯობესდება. მთელი წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში 13.61 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობის დონე დაახლოებით 5%-ია, ერთ სულ მოსახლეზე უკვე დაბეგრილი შემოსავალი და ერთ სულ მოსახლეზე სამომხმარებლო ხარჯები 2017 წელთან შედარებით 8.7% და 8.4% გაიზარდა. ტურიზმი, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, მოხუცების მოვლა და სხვ. სფეროები აქტიურად ვითარდება. შიდა ტურისტების რაოდენობამ 5.54 მილიარდი, ხოლო შიდა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 5.13 ტრილიონი იუანი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 10.76% და 12.3% გაიზარდა. კულტურის, სპორტისა და გასართობი სექტორიდან მიღებულ შემოსავლებში ორნიშნა ზრდა შევინარჩუნეთ.

      მიუხედავად იმისა, რომ მშპ-ს 6.6% -იანი ზრდა 1990 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია, ეს ზრდის მაღალი ტემპიდან მაღალხარისხიან და სტაბილურ განვითარებაზე გადასვლის ტენდენციას ასახავს. საერთო ჯამში, ჩინეთის ეროვნული ეკონომიკა რაციონალურად ფუნქციონირებს; ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობა, სტიმული და პოტენციალი ძლიერდება; სტაბილურობა, კოორდინირება და მდგრადობა იზრდება; ჩინეთის განვითარების სტრატეგიის ხელსაყრელი პერიოდი კიდევ დიდ ხანს გასტანს. როგორც ჩინეთის პრეზიდენტმა - სი ძინფინგმა გასული წლის ნოემბერში გამართულ ჩინეთის პირველ საერთაშორისო იმპორტის ექსპოს გახსნაზე თავის გამოსვლაში აღნიშნა, ჩინეთის ეკონომიკა ზღვაა და არა ტბორი. ზღვა ხან წყნარია და ხანაც ბობოქარი. ქარიშხალი ტბორს შთანთქავს, მაგრამ ზღვას ვერაფერს დააკლებს. მრავალი ქარიშხალი ჩაივლის, მაგრამ ზღვა უწინდებურად დარჩება.

      ჩინეთი მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, პირველ ადგილზეა ვაჭრობაში, მეორეა საქონლის მოხმარებასა და უცხოური კაპიტალის შემოდინებაში, პირველია უცხოური სავალუტო რეზერვებით. ჩინეთის წვლილი მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში უკვე მრავალი წელია 30%-ზე მეტია და ჩინეთის ეკონომიკა გლობალურ ეკონომიკაზე მჭიდროდაა მიბმული. ბოლო წლებში, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა შესუსტდა, ანტიგლობალიზაციისა და სავაჭრო პროტექციონიზმის ტენდენციამ იჩინა თავი, მსოფლიო ეკონომიკური განვითარების არასტაბილურობამ და გაურკვევლობამ იმატა. ამან მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე იქონია გავლენა და ამ მხრივ, არც ჩინეთია გამონაკლისი. ამ კუთხით, ჩინეთის მიზანია საკუთარი საქმეების მოგვარება, უმთავრესი პრიორიტეტია განვითარება, რეფორმების გაღრმავება და ეროვნული ეკონომიკის რაციონალური და სტაბილური ფუნქციონირება. ამავდროულად, ჩინეთი ხელს შეუწყობს სრულ გახსნილობას, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ სართაშორისო თანამშრომლობას, მსოფლიო ეკონომიკის უფრო ღია მოდელის ჩამოყალიბებას, ურთიერთპატივისცემაზე, სამართლიანობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების ახალი მოდელის შექმნას.

      ჩინეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოსთან მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის განვითარებას. 2018 წელს ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 10.316 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და 10.38% -ით გაიზარდა. ამგვარად, 2015 წელს ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრებს შორის შეხვედრაზე დასახული მიზანი შესრულდა. ორივე მხარე აქტიურად მონაწილეობს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტში. 20-ზე მეტი ჩინური კომპანია ჩართულია ინფრასტრუქტურულ, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, საფინანსო, ინდუსტრიული პარკების მშენებლობისა და სხვა პროექტებში. ჩინეთიდან საქართველოში ჯამში 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. უფრო და უფრო მეტი ქართული ნაწარმი შედის ჩინეთში; ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა მაღალხარისხიანი პროდუქციის პოპულარობა იზრდება. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ფართო პერსპექტივა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარის ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს, ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს, ხალხს რეალურ სარგებელს მოუტანს და მთლიანად, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.



[Suggest to a Friend]
       [Print]